საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ ღამის განმავლობაში ნანგრევებში საქართველოს 6 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობდა, რომელთაგან 4 ამოიყვანეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ.
როგორც გიორგი ჯანჯღავა აღნიშნავს, ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა, 100-ზე მეტი იპოვეს, 2 კი დაკარგულია.
„გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა ზარები. ვიპოვეთ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე. ღამისთვის, პრაქტიკულად, 6 მოქალაქის ძიების პროცესი მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, 4 ვიპოვეთ. ისინი გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში, ჯანმრთელად, კარგად არიან. ჩვენი 2 მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.