თურქეთში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ სტიქიის ზონაში, ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინფორმაცია მიეწოდა შესაბამის უწყებებს და თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 1 932.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. დაახლოებით 380 000-მა ადამიანმა თავი სამთავრობო თავშესაფრებს ან სასტუმროებს შეაფარა, მოქალაქეები განთავსდნენ სავაჭრო ცენტრებში, სტადიონებზე, მეჩეთებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც.