თურქეთში, დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 284 ადამიანი დაიღუპა, 2 323 კი - დაშავდა, - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის 10 ქალაქში 1700-ზე მეტი შენობა დაზიანდა.
ისრაელმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს მიწისძვრის შედეგად განადგურებულ თურქეთს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ მზადდება სწრაფი დახმარების პროგრამა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, ისრაელის უსაფრთხოების ძალები მზად არიან თურქეთს ნებისმიერი საჭირო დახმარება შესთავაზონ.
თურქეთის დასახმარებლად მზადყოფნა გამოხატა შეერთებულმა შტატებმაც. „აშშ ღრმად არის შეშფოთებული დღევანდელი დამანგრეველი მიწისძვრით თურქეთსა და სირიაში. დავუკავშირდი თურქეთის ოფიციალურ პირებს, რათა განვმარტო, რომ მზად ვართ, გავუწიოთ ნებისმიერი და ყველა საჭირო დახმარება“, - განაცხადა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.