საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ახალ გუნდ კარლსრუეში ვარჯიში დაიწყო. 28 წლის თავდამსხმელი მაგდებურგთან შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც გუნდი 5 თებერვალს გამართავს, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია იქნება თუ არა ბუდუ ამ მატჩისთვის განაცხადში.
გერმანული გამოცემების თანახმად, ბუდუმ გერმანიაში თამაშისთვის ბინადრობის უფლება უნდა წარადგინოს, ამისთვის კი ვიზაა საჭირო. ამის გამო, შესაძლოა, ქართველ ფორვარდს უკან უნგრეთში დაბრუნება მოუწიოს, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერი არ გამორიცხავს, რომ ბუდუმ მაგდებურგთან ითამაშოს.
"პარასკევს და შაბათს ვნახავთ, რამდენად სწრაფად შევძლებთ მის გუნდში ინტეგრირებას. მან უკვე მიიღო ჩვენგან რამდენიმე ვიდეო, რათა წარმოდგენა ჰქონდეს თუ რა გუნდში მოდის და იცოდეს ძირითადად თამაშის რა ელემენტებია ჩვენთვის დამახასიათებელი", - განაცხადა 40 წლის აიხნერმა.
გერმანული გაზეთი სატრანსფერო დეტალებზეც წერს. მისი ინფორმაციით, კარლსრუეს ზივზივაძის ტრანსფერი ჯამში 150 000 ევრო დაუჯდა. თანხა, შესაძლოა, უფრო მაღალიც ყოფილიყო, თუმცა ფეჰერვარის მიერ ბუდუს დასჯამ და მის მეორე გუნდში განწესებამ, სატრანსფერო თანხაზე იმოქმედა.