უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების ერთ წლისთავზე ახალ შეტევის დაწყებას გეგმავს.
ფრანგულ მედიასთან საუბრისას რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მობილიზებული ჯარისკაცების დიდ კონტიგენტს გამოიძახებს. ამასთან, მისი თქმით, სავარაუდოდ, რუსეთმა, მობილიზაციის ფარგლებში იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი გამოიძახა, ვიდრე ოფიციალურად გამოაცხადა.
„ოფიციალურად, მათ გამოაცხადეს, რომ 300 000 ადამიანის მობილიზაციას განახორციელებდნენ, მაგრამ როცა ვხედავთ ჯარს საზღვრებზე, ჩვენი შეფასებით, მათი რაოდენობა ბევრად მეტია“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, შეტევა, სავარაუდოდ, ორი მიმართულებით იქნება კონცენტრირებული: ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში.
„ვფიქრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სიმბოლიზმში ცხოვრობს, ისინი შეეცდებიან სცადონ რაღაც დაახლოებით 24 თებერვალს”, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისივე თქმით, უკრაინა რუსეთის ამ ნაბიჯისთვის მზად უნდა იყოს.
„ჩვენ ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს, რომ მზად უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მალე. ამიტომ გვჭირდება იარაღი მტრის შესაკავებლად,” - აღნიშნა რეზნიკოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში შარშან, 24 თებერვალს შეიჭრა.