2023 წლიდან საქართველოში არაერთი ცვლილება ამოქმედდა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დღეიდან შედის ძალაში.
კერძოდ, ბანკებს შორის გადარიცხვებზე ეროვნული ბანკი საკომისიოს ზედა ზღვარს აწესებს. საუბარია, გადარიცხვებზე, რომელიც ახალი სისტემის საშუალებით ხორციელდება. 10 000 ლარამდე გადარიცხვის შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის ტარიფი იქნება არაუმეტეს 2 ლარი, 10 000 ლარიდან 100 000 ლარამდე - არაუმეტეს 5 ლარი და 100 000 ლარის და ზევით გადარიცხვის შემთხვევაში - არაუმეტეს 50 ლარი.
კიდევ ერთი ცვლილება რმელიც დღეიდან ამოქმედდება - ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. იმ სატრანსპორტო საშუალებების, რომელთა პირველადი ინსპექტირება 60 ლარია, მაგალითად მსუბუქი ავტომობილები, ტაქსები და.ა.შ. განმეორებითი ინსპექტირება 20 ლარი ეღირება, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში რომელთა პირველადი ინსპექტირება 100 ლარი იყო, განმეორებითი ტექდათვალიერების ღირებულება 30 ლარი იქნება.
ასევე დღეიდან, „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის საკომისიო იზრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად „თიბისი ბანკი“ ავრცელებს. თიბისის ფილიალების სალაროებიდან, 3 000 ლარამდე თანხის გატანის მინიმალური საკომისიო, გასატანი თანხის 2% იქნება.