ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი, რომელიც თებერვლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, აპრილისთვის გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი ავრცელებს.
„მოგვიწია ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადება, თუმცა ჩართულობისთვის მზად ვართ“, – წერს კლაარი „ტვიტერზე“.
ამასთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილში გაიმართება.
„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, გაერო-ს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ვიორელ მოსანუ და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი იმეორებენ თავიანთი შესაბამისი ორგანიზაციების ერთგულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ. თანათავმჯდომარეები ადასტურებენ კონსულტაციებში ჩართულობის მზადყოფნას ყველა მონაწილესთან, როგორც ზოგადად პროცესთან, ისე კონკრეტულად მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში.