გასული წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 188,1%-ით გაეზარდა. სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში, უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 363 მლნ დოლარზე მეტს, მაშინ, როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 126 მლნ დოლარი იყო. პანდემიურ 2020 წლის დეკემბერში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 14.5 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე პანდემიამდე 2019-ში.კერძოდ, 2019 წლის დეკემბერში, ქვეყანას უცხო ქვეყნის მოგზაურებიდან 217 მლნ დოლარზე ოდნავ მეტი შემოსავალი აქვს მიღებული. მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. ჯამში, გასულ წელს რუსმა ტურისტებმა, თუ მიგრანტებმა საქართველოში 896.5 მლნ დოლარი დახარჯეს. ეს წლიურად ფაქტობრივად, 491,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.