ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უკრაინაში ვიზიტს გეგმავენ. ამის შესახებ სლოვაკური საინფორმაციო საიტი pravda.sk იტყობინება.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პაველი 29 იანვარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს და შესთავაზებს მას ჩაპუტოვასთან ერთად უკრაინაში ჩასვლას.
ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ჩეხეთის ახალ პრეზიდენტად 28 იანვარს აირჩიეს.
მან ადრე განაცხადა, რომ ჩეხეთი დარჩება პროდასავლური, შეინარჩუნებს სტრატეგიულ ურთიერთობებს ევროკავშირთან და ნატოსთან და იქნება უკრაინის მხარეს.
პაველმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ომი არის ომი, რომელიც გავლენას ახდენს ჩეხეთზეც, რადგან ეს არის ომი საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხო ევროპის მომავლისთვის.