უკრაინა დასავლეთის ქვეყნებთან ავიაციისა და შორი მანძილის რაკეტების გადაცემაზე მოლაპარაკებებს დაჩქარებულ რეჟიმში აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინული ტელეარხი FREEDOM-ის ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, მოკლე დროში გავალთ შემდგომ ინსტრუმენტებზე, ანუ ავიაციასა და შორი მანძილის რაკეტებზე”, - თქვა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, კიევს აღნიშნული შეიარაღება, მათ შორის, ანექსირებულ ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალების სიღრმისეული ინფრასტრუქტურისა და საარტილერიო საწყობების გასანადგურებლად სჭირდება.
ამასთან, პოდოლიაკმა დაამატა, რომ “პარტნიორებს ეს ყველაფერი ესმით”, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიო არქიტექტურის ცვლილების გამო “თავის გარკვეულ კონსერვატიზმზე უარს” ვერ ამბობენ.
როგორც მან აღნიშნა, ამას მუშაობა სჭირდება, კერძოდ კი, “ამ ომის რეალური სურათების ჩვენება”, ასევე დასავლური ახალი იარაღის გადაცემის საჭიროების შესახებ “ყოველდღიურად მკაფიოდ თქმა”.