საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა სამუშაო თათბირზე 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მსხვილი ენერგეტიკული პროექტები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2023 წელს 7 550 ახალი ბენეფიციარი დაფინანსდება.