იერუსალიმის ძველ ქალაქთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაჭრილია 59 წლის მამა და მისი 20 წლამდე ასაკის შვილი. მათი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
პოლიციის თქმით, თავდამსხმელი აღმოსვლეთ იერუსალიმის მცხოვრები, 13 წლის პალესტინელია. ის შეიარაღებულმა მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცავებმა თავდასხმის დროს გამოყენებული იარაღი ამოიღეს. შეგახსენებთ, აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაშავდა.
მედიის ცნობით, ნევე-იაკოვში შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ლოცვის შემდეგ სინაგოგას ტოვებდნენ. ლიკვიდირებულია თავდამსხმელი. მას სამართალდამცავებმა ცეცხლი გაქცევის მცდელობისას გაუხსნეს.