პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ წალენჯიხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 25 მილიონ ლარამდე მოხმარდება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია - ამხანაგობა ,,ინვესტ გრუპი"-ს თავმჯდომარემ, გიორგი წკრიალაშვილმა მოაწერეს.
„პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ახალი წყლის გამწმენდი ნაგებობების მოწყობას, რეზერვუარების, მაგისტრალური მილებისა და 60 კმ-მდე შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობას. პროექტირების დასრულებისთანავე, დაიწყება ქალაქის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები.
2025 წლის ბოლოსთვის, ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.