ტაილანდში მოგზაურობის გამო უკრაინის მმართველი პარტიიდან დეპუტატი გარიცხეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.
26 იანვარს უკრაინის მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკო ტაილანდში გაემგზავრა “უკრაინულ თემთან შესახვედრად”.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით კი, სამხედრო მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო მოხელეებს ქვეყნის დატოვება მხოლოდ სამსახურებრივი მოგზაურობის ფარგლებში შეუძლიათ.
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ტიშჩენკო საზღვარგარეთ არ გაუგზავნია და, როგორც უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ტაილანდში სამსახურებრივ მოგზაურობის განკარგულებაზე ხელი არ მოუწერია.
მოგვიანებით, “ხალხის მსახურის” საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ ტიშჩენკო “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და თხოვნით მიმართა პარტიის თავმჯდომარეს, ელენა შულიაკს, რომ ტიშჩენკო პარტიიდან იქნას გარიცხული. შულიაკმა თხოვნა დააკმაყოფილა.
თავად ტიშჩენკო აღნიშნული გადაწყვეტილებით აღშფოთდა და განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ იცოდა მისი მოგზაურობის შესახებ და წინააღმდეგი არ ყოფილა.
“ტიტანურ სამუშაოს ვაკეთებდი და ვაკეთებ. უკვე სხვადასხვა ქვეყნებში ვიყავი. [ტაილანდში] საერთოდ არ გვყავს ელჩი… ხალხმა მომმართა, მე უარი არ ვუთხარი… სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შევხვდი. თქვენ ხომ თავად დააყენეთ დეპუტატებისთვის მიზანი, რომ 24/7-ზე ვიმუშაოთ”, - წერს ტიშჩენკო.