რუსეთმა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მესამედით შეამცირა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანის ცნობით, წელს რუსეთი აფხაზეთის ელექტროენერგიის დეფიციტს 600 მილიონი კვტ/სთ-ის მიწოდებით დაფარავს, მაშინ, როცა 2022 წელს რუსეთის ფედერაციიდან 900 მილიონი კვტ/სთ-ის დეფიციტი დაიფარა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
ოზგანის თქმით, შარშანდელი მიწოდება რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში განხორციელდა, ხოლო წლევანდელ დახმარებაზე შეთანხმებას 2022 წლის დეკემბერში ე.წ სამთავრობათაშორისო კომისიის მე-19 სხდომის ფარგლებში მიაღწიეს. თუმცა, ოზგანი ამბობს, რომ წლევანდელი მოცულობა არსებული დეფიციტის სრულად დაფარვის საშუალებას არ იძლევა, რის გამოც აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა.
თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ უკმაყოფილება გამოთქვა კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური კომისიების მუშაობით, რომლებიც აფხაზეთის ყველა რაიონში შეიქმნა. მისი თქმით, მათი მუშაობა არაადეკვატურია. ბჟანია ამობს, რომ დღეისთვის უამრავი მოწყობილობა მოსახლეობის სახლებშია განთავსებული და თითო ოჯახში 5-10 ცალი მაინინგაპარატია. მისი მონაცემებით, ერთ სახლში დამონტაჟებული 5 მოწყობილობა 2,5 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო ამ მოცულობის 365 დღეზე გამრავლებით ელექტროენერგიის წლიური მოხმარება 109 ათასი კვტ/საათია. აფხაზეთში, მთლიანობაში, დაახლოებით, 50 ათასი ასეთი აპარატია და უკანონო კრიპტომაინინგი აფხაზეთს წელიწადში ნახევარ მილიარდ რუბლზე მეტს აკარგვინებს, რაც დაახლოებით 7 მლნ ლარზე მეტია.
დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ რაკი უკანონო მაინინგით დაკავებულ მოსახლეობაზე დარწმუნების მეთოდი არ ჭრის, იძულების მეთოდზე უნდა გადავიდნენ, რაც ელექტროენერგიაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.