გერმანიამ ლეოპარდ 2-ი ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, ოფიციალური განცხადება გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერმა გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანია პარტნიორი ქვეყნებიდან ტანკების რეექსპორტსაც დათანხმდება. გერმანიის გარდა, უკრაინას ტანკებს ნატოს წევრი სახელმწიფოებიც გადასცემენ. მათ შორის დაანონსებულია აშშ-ის მიერ უკრაინისათვის აბრამსის ტიპის ტანკების გადაცემა. გერმანიისა და უკრაინის პარტნიორი სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ქმედებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი უკრაინას საკუთარი პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარება.