აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ლაჩინი-ხანქენდის გზა ბლოკირებული არ არის და ამ გზაზე 12 დეკემბრის შემდეგ რუსი სამშვიდობოებისა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ 980-მდე ავტომობილმა გაიარა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ალიევმა ბლინკენთან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა ყარაბაღში მცხოვრები 90-მდე ავადმყოფის და სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირის სომხეთში ტრანსპორტირება უზრუნველყო.
„პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, ეს ფაქტები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანს ლაჩინი-ხანქენდის გზა არ ჩაუკეტავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით განთავსებული არიან რუსი სამშვიდობოები, წიაღისეულის საბადოების უკანონო ექსპლუატაცია უნდა შეწყდეს, აზერბაიჯანს კი უნდა შეეძლოს მუდმივი მონიტორინგის განხორციელება.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ენტონი ბლინკენის ყურადღება გაამახვილა სომხეთის მიერ ლაჩინის გზის ნაღმების უკანონო გადაზიდვისთვის გამოყენებაზე. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის ერთგულება სამშვიდობო პროცესისა და სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისადმი. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოიცავდეს მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას საერთაშორისო სამართლის ნორმების და აზერბაიჯანის მიერ წარდგენილი ხუთი პრინციპის საფუძველზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა და მოუწოდა, დაუყოვნებლივ გახსნას ლაჩინის დერეფანი სავაჭრო მოძრაობისთვის.