თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება. საქალაქო ურბანულ სამსახურს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა უკვე წარუდგინა პროექტი, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა იგეგმება.
ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია. არქიტექტურული ნახაზების მიხედვით, პროექტი ორი ცათამბჯენისგან შედგება, რომლიდან ერთის სიმაღლეც მაქსიმუმ 65 სართულით არის განსაზღვრული. განაშენიანების რეგულირების გეგმისა და არქიტექტურული პროექტების დამტკიცების შემთხვევაში ეს ქალაქში ტელეანძის შემდეგ ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება.
პროექტის თანახმად, მრავალფუნქციური კომპლექსის მოცულობა 155,588 კვადრატული მეტრი იქნება. მუნიციპალური სამსახურისთვის გაგზავნილ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში ივანიშვილის კომპანია k2 ზონალური პარამეტრების გაზრდას მოითხოვს. ამასთანავე, სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილებას.
პროექტის მიხედვით, შენარჩუნდება აბრეშუმის ქარხნის ისტორიული შენობის ნაწილი.
პროექტი არ მოიცავს ლაგუნა ვერეს საცურაო აუზს, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესჯგუფის საკუთრებაშია. რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, დოკუმენტში წერია, რომ "ლაგუნა ვერე-ს შენობების რეკონსტრუქციისა და მიმდებარე ტერიტორიის კვლევამ ცხადჰყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ნაგეობებიდან ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ძველ, აგურის კორპუსს მაღალი ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულება გააჩნია და მასზე სასურვერლია გავრცელდეს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ჩასატარებელი ღონისძიებები - რეაბილიტაცია-ადაპტაცია. კერძოდ, სხვენის სართულის ამაღლება და გარდაქმნა გამოყენებად სივრცედ. ამავე ტერიტორიის ფარგლებში მდებარე ყოფილი საცურაო აუზის "ლაგუნა ვერეს" სპორტული კომპლექსის ნაგებობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და შესაბამისად მისი კონსტრუქციის მდგრადობის, დემონტაჟის ან ახალი აუზის აგების საკითხი მსჯელობის საგანია. ამასთან, კომპლექსის შემადგენელი მოზაიკური პანო ყველა შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს კონსერვაცია-რესტავრაციას და ხელახლა განთავსდეს რეკონსტრუირებულ აუზზე,”.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმრები არიან თბილისის საკრებულოსა და "ქართული ოცნების" წევრი ვლადიმერ ბოჟაძე და პარტია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშენიძე