მელიორაცია-ირიგაცია რეგულირებას დაექვემდებარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ბოლომდე დარგი სრულ რეგულირებაში მოექცევა. 2024 წლიდან კი, სექტორში ახალი ტარიფები დადგინდება. ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ სექტორში ოპერირებს 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაა - „საქართველოს მელიორაცია“ 40 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება და 70 ათას ჰექტარ მიწის ნაკვეთს სარწყავი წყლით უზრუნველყოფს.
კომპანიის ფინანსური დირექტორი გიორგი ხმელიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბრობს, რომ ტარიფები 10 წელზე მეტია რაც არ შეცვლილა და რეალობას ვერ პასუხობს. შესაბამისად, მარეგულირებელთან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავეს ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია და წლის ბოლომდე ახალი ტარიფებიც ექნებათ. დღეს საქართველოს მელიორაცია, მთლიანად სახელმწიფოს დაფინანსებაზე იმყოფება, ახალი ტარიფებით კი იმედი აქვთ, რომ საოპერაციო ხარჯების სრულად თვითუზრუნველყოფას შეძლებენ. აღსნიშნავია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი ჰექტარზე 75 ლარია 1 წლის განმავლობაში.
ფერმერების გარდა, საქართველოს მელიორაციას ჰყავს მომხმარებლები, რომელთაც ტექნიკური წყალი სჭირდებათ, მათ შორის სათევზე მეურნეობები, ტბორები, ჰესები და ა.შ. დღეს მოქმედი ტარიფი კი ყველათვის ერთნაირია. შესაბამისად, ახალი მეთოდოლოგიით ტარიფების დივერსიფიცირება იგეგმება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ,,ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, რომ პროცესი ჯერ მიმდინარეა და განხილვების შემდეგ გახდება დეტალები ცნობილი. მათ შორის ისიც, რამდენად გაიზრდება ტარიფი ფერმერებისთვის.
ინფორმაციისთვის, 2023 წლის საქართველოს მელიორაციის ბიუჯეტი 65 მლნ ლარს შეადგენს.