სადებიუტო კომპოზიცია ბრიტანელმა მუსიკოსმა 1965 წელს ჩაწერა, თითქმის 60-წლიანი შემოქმედების მანძილზე კი, 30 სტუდიური ალბომი, 130 სინგლი გამოუშვა და უამრავ ჯილდოსთან ერთად მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა.
მართალია, კარიერის დასაწყისში ჯონის ტენორი ლირიულობით ხასიათდებოდა, მაგრამ 1987 წელს ყელზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მისი დიაპაზონი ბარიტონით შეიცვალა, მუსიკალური სტილი კი, ყოველთვის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რადგან ეპატაჟურმა და ექსტრავაგანტურმა მუსიკოსმა თითქმის ყველა ჟანრში მოსინჯა შესაძლებლობები და არც თამამ ექსპერიმენტებს მოერიდა.
ფსევდონიმი მუსიკოსმა, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი რეჯინალდ კენეტ დუაიტია, 1967 წელს ისესხა ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსებისგან ელტონ დინისა და ჯონ ბოლდრისგან, როცა ძველ ცხოვრებასთან დამშვიდობება და ახლის დაწყება გადაწყვიტა, 1972 წელს კი, უკვე შერჩეული ფსევდონიმი ჰეკულესის სახელით შეავსო საყვარელი ცხენის პატივსაცემად კომედიური სერიალიდან „სტეპტო და ვაჟიშვილი“ (Steptoe and Son).
რეჯი 15 წლის იყო, როცა მისი მშობლები გაშორდნენ, ამიტომ მეტწილად მამინაცვალმა ფრედ ფეირბრაზერმა გაზარდა, რომელსაც მუსიკოსი ყოველთვის თბილად და მადლიერებით იხსენებდა, რადგან სწორედ მამინაცვალმა უშოვა პიანისტის პირველი სამუშაო მეზობელ ბარში, სადაც რეჯინალდი უქმეებზე უკრავდა და მანვე დააძლევინა არასრულფასოვნების კომპლექსი, რომლითაც მუსიკოსი წლების მანძილზე იტანჯებოდა ჭარბი წონისა და ნაკლებად მიმზიდველი გარეგნობის გამო.
რეჯიმ, რომელმაც 4 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა ნებისმიერ კომპოზიციას ნოტების გარეშე, მხოლოდ სმენით ასრულებდა, 11 წლისამ კი, სამეფო კონსერვატორიის სტიპენდია მოიპოვა, თუმცა ექვსწლიანი სწავლის შემდეგ გამოსაშვებ გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა სასწავლებელი.
რეჯინალდის კარიერა მუსიკალური ჟურნალის რედაქციაში დაიწყო, სადაც დღისით მუშაობდა და რიგითი კურიერის ფუნქციას ასრულებდა, საღამოს კი, ბარებსა და რესტორნებში უკრავდა, რადგან ძალიან უნდოდა ფულს შეგროვება საკუთარი როიალის შესაძენად.
სადებიუტო კომპოზიციამ, რომელიც ჯონმა 1965 წელს ჩაწერა, არ გაამართლა, რადგან კრიტიკოსებისგან დაწუნებული არც რადიოსადგურებმა მოიწონეს. თუმცა, ახალბედა მუსიკოსმა მაინც არ დათმო, მეგობრებთან ერთად შექმნა ჯგუფი The Corvettes და აქტიურად შეუდგა რე ჩარლზის ცნობილი ჰიტების გადამღერებას. მართალია, რამდენიმე წლის შემდეგ კოლექტივმა სახელი შეიცვალა და უკვე Bluesology-ად ქცეულმა მოაწყო ამერიკაში გასტროლები, მაგრამ მალევე დაიშალა ჯგუფის წევრებს შორის მომხდარი უთანხმოების გამო.
მუსიკოსმა, რომელიც ყოველთვის უიღბლოდ მიიჩნევდა საკუთარ თავს, ანგარიშის გასწორებაც კი სცადა ცხოვრებასთან, თუმცა მასთან ერთად მილიონობით მელომანსაც ძალიან გაუმართლათ, რადგან გაზით მოწამვლისგან შემთხვევით ღიად დარჩენილმა ფანჯარამ გადაარჩინა.
რა გახდა ჯონის სასოწარკვეთის მიზეზი დაზუსტებით არავინ იცის, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ კარდინალური ნაბიჯის გადადგმა მუსიკოსს ყოფილ მეუღლესთან რენატა ბლაუელთან მუდმივმა კონფლიქტმა აიძულა. ამბობენ, თითქოს, ბისექსუალურობის აღიარების და ხმის რეჟისორთან ქორწინების შემდეგ, რომელიც არც სიტყვიერ, არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ერიდებოდა მეუღლის მისამართით, ჯონი დიდხანს იტანჯებოდა დეპრესიით.
სწორედ დეპრესიამ და დამძიმებულმა ემოციური მდგომარეობამ აიძულა მუსიკოსს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში შვების ძებნა. მართალია, ჯონი ჯერ კიდევ 1975 წელს, კოკაინის ზედმეტი დოზით სიკვდილს გადარჩენილი შეჰპირდა საკუთარ თავს, რომ უარს იტყოდა ნარკოტიკებზე, მაგრამ მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს, ჩიკაგოს მუნიციპალურ კლინიკაში მკურნალობის შემდეგ შეასრულა პირობა, გამოჯანმრთელებულმა კი, იმ კოლეგების დახმარება გადაწყვიტა, ვინც მასავინთ იტანჯებოდა. აღსანიშნავია, რომ ემინემი სწორედ უფროს მეგობარს ემადლიერება მორალური მხარდაჭერისა და მავნე ჩვევის დაძლევაში დახმარებისთვის, რაც ინტერვიუშიც არაერთხელ აღნიშნა.
თუმცა, ჯონი არა მხოლოდ კოლეგებს, არამედ სრულიად უცნობ ადამიანებსაც ხშირად ეხმარება, აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და არასდროს იშურებს ფინანსებს საქველმოქმედო პროექტებისთვის. 1992 წელს კი, შიდსთან ბრძოლის საკუთარი ფონდი დაარსა, რადგან ძალიან მძიმედ განიცადა ფრედი მერკურის გარდაცვალება.
მეორედ მუსიკოსმა 2005 წელს გააფორმა ოფიციალურად ურთიერთობა დიდი ხნის პარტნიორთან, კანადელ რეჟისორთან დევიდ ფერნიშთან. დახურულმა ცერემონიამ საკმაოდ მოკრძალებულად ჩაიარა, თუმცა წვეულება, რომელმაც 700 სტუმარს უმასპინძლა, მეტად მასშტაბური და პომპეზური აღმოჩნდა.
წყვილს ორი შვილი - ზაქარია და ელაიჯა ჰყავს სუროგატი დედისგან. ჯონი, რომელიც 63 წლის ასაკში გახდა პირველად მამა, ჩვილობიდანვე საოცარი ყურადღება გამოიჩინა შვილების მიმართ, რადგან სწორედ მან ითავა პატარების მოვლა და მათზე ზრუნვა.
იმიჯის უცვლელ ატრიბუტად ქცეული სათვალე თავიდან ჯონმა მხოლოდ ამერიკელი მუსიკოსის ბადი ჰოლის მიბაძვით მოირგო, თუმცა, მიმბაძველობამ ძალიან მძიმე შედეგი გამოიღო, რადგან მხედველობის სერიოზული დაქვეითება გამოიწვია, ამიტომ დღეს მუსიკოსის ცხოვრება პრაქტიკულად წარმოუდგენელია სათვალის გარეშე, რომლის კოლექცია 20 ათასზე მეტ წყვილს შეადგენს.
სათვალის უზარმაზარი კოლექციის მიუხედავად, მთავარ გატაცებად ჯონი მაინც ყვავილებს მიიჩნევს. 1998 წელს პრესაში ინფორმაციაც კი გავრცელდა, თითქოს 9 თვეში მუსიკოსმა მთელი 400 ათასი ფუნტი სტერლინგი დაჯარჯა ორიგინალური თაიგულების შესაძენად. მეტიც, ყვავილების მანიაკალურ სიყვარულსაა მორგებული ჯონის რაიდერის ერთ-ერთი მთავარი პუნქტიც, რომლის თანახმად, მისი საგრიმიორო ყოველთვის უხვად უნდა იყოს გაფორმებული ცოცხალი ყვავილებით.