საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო. 2023 წელს საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. ევრო 2023 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე შედგება.
ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მოხალისეთა ჩართულობა არის აუცილებელი. თუ გაქვს სურვილი მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში, ფლობ ინგლისურ ენას და მზად ხარ გახდე საინტერესო გუნდის წევრი, დაუკავშირდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და შეავსე მოხალისეთა აპლიკაცია.
მოხალისეებს შეუძლიათ სასურველი ლოკაცია და საქმიანობის სფერო თავად აირჩიონ, მაგალითად - მარკეტინგი, ღონისძიებების მართვა, მედია, ბილეთების ადმინისტრირება და სხვა საინტერესო მიმართულებები.
მიღებული გამოცდილების შემდეგ, მოხალისეები უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო სერტიფიკატს მიიღებენ. ამასთან, მათ გადაეცემათ ტურნირის ბრენდირებული აქსესუარები.