თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სახალხო დამცველის აპარატისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც სტუმრებს თავდაცვის კოდექსის პროექტი წარუდგინა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გრიგოლ გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო კოდექსით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლებიც არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს და შემოაქვს სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია და სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადეს თავდაცვის კოდექსის პროექტის გაცნობისათვის და მათი წინადადებები და მოსაზრებები წარადგინეს.
მათივე ინფორმაციით, თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით განხილვა მანამდე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან გაიმართა. თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.