რაფ სიმონსმა და პრადამ შემოქმედებითი თანადირექტორობით შექმნილი ახალი კოლექცია მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულზე წარადგინეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრენდ Raf Simons-ის დახურვის შემდეგ, სიმონსი კიდევ უფრო მეტი მონდომებით მოეკიდება პრადას მოდის სახლს. შედეგიც სახეზეა – 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია Prada-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.
“კოლექცია არქიტეპულ ტანისამოსს ეხება, ყველასთვის კარგად ნაცნობს, თუმცა სილუეტებში და ჭრებში განსხვავებულს,” – აღნიშნა რაფ სიმონსმა ჩვენების დასრულების შემდეგ.
სწორი ვიწრო კოსტიუმების პარალელურად, კოლექციაში შენარჩუნებული იყო ყოველდღიურობის შეგრძნებაც. სხვადასხვა ფორმებში და ზომებში წარმოდგენილი სპორტული ჟაკეტები იდეალურად ენაცვლებოდა დახვეწილ სილუეტებს და პრადას უახლეს შემოთავაზებას კიდევ უფრო პრაქტიკულს ხდიდა. თავსებადი ფეხსაცმელი და აქსესუარები კი, კომერციული წარმატების გარანტად შეგვიძლია მივიჩნიოთ.