ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე16 ტურში საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ყოფილი კლუბის სარაგოსას წინააღმდეგ გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ვეტერანმა ცენტრმა მოედანზე 27:45 წუთი გაატარა, რა დროშიც 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ 21 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, რაც MVP-ს ტიტულის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31-ს უწია, რაც არათუ ამ მატჩში, ტურის სხვა შეხვედრებშიც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩა ACB ლიგის ოფიციალურ საიტს, რომელმაც ტურის საუკეთესო სამი კალათბურთელი გამოარჩია და მათ შორის ერთ-ერთი შერმადინი იყო, ლიგა ენდესის ოფიციალური ვებ გვერდი გიორგის შესახებ წერს, რომ გიორგი შერმადინის გამორჩეულებს შორის ყოფნა უკვე აღარავისთვისაა გასაკვირი, მან იმედები არც ამ შემთხვევაში გაგვიცრუა, მან სარაგოსასთან შეხვედრაში ტენერიფეს ლიდერის როლი მოირგო და სეზონში მე12 გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სტუმრებმა გამარჯვების მოპოვება ოვერ ტაიმში მოახერხეს, სადაც 14 დან 11 ქულა სწორედ შერმადინის ანგარიშზეა - წერია ACB.COM -ზე.
ტენერიფე 12 მოგებითა და 4 მარცხით ესპანეთის ჩემპიონატში მე4 ადგილზეა, სადაც ის მადრიდის რეალს, ბარსელონას და ბასკონიას ჩამორჩება. შერმადინის გუნდი შემდეგ შეხვედრას 21 იანვარს ბეტისთან გამართავს.