უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, მათ შორის: ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას დასახლებასთან, დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, სპორნოეს, კრასნოპოლოვკას, სოლის, სოლედარის, ბელოგოროვკას, ბახმუტის, სევერნოიე, კამენკას, ვოდიანოეს, ნეველსკოეს, მარინკასა და პობედა დასახლებებთან“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო-საარტილერიო ნაწილებმა რუსული ძალების სამეთაურო პუნქტს, კონცენტრაციის 11 ზონას, საწვავი-საპოხი მასალების საწყობსა და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს.