ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა დაუპირისპირდნენ, მორიგი ელ კლასიკო ამ შემთხვევაში ბარსენას გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ხავის გუნდმა გულშემატკივარს საკმაოდ ხარისხიანი და გამართული ფეხბურთი აჩვენა, რამაც შედეგიც მოიტანა. კატალონიელებმა შეხვედრის დაწყებიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, ისინი ბურთს აკონტროლებდნენ, ხოლო როდესაც მის გარეშე უწევდათ გადაადგილება მადრიდელებს მაღალ პრესინგს სთავაზობდნენ.
ორივე გუნდი მაღალ სისწრაფეში ცდილობდა შეტევების განვითარებას და გოლის გატანას, ამიტომაც ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რომელი გუნდი დაუშვებდა დაცვაში შეცდომას. 33-ე წუთზე რეალმა ბურთი დაკარგა, რასაც ბარსელონას სწრაფი შეტევა მოყვა, საბოლოოს კარლო ანჩელოტის მცველებს მარცხენა ფლანგზე დარჩენილი გავი გამორჩათ, რომელმაც გადაცემა ლევანდოვსკისგან მიიღო და კურტუას კარის აღება მოახერხა. ამის შემდეგ რეალი წინ აქტიურად გადავიდა, თუმცა ბარსელონამ მეტოქის შეცდომით კიდევ ერთხელ ისარგებლა და ლევანდოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ნახევარი მადრიდელებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა რეალური საგოლე გადაცემის შექმნას ვერ ახერხებდნენ, კატალონიელები კი თავს კარგად იცავდნენ. 69-ე წუთზე გავის ჩაწოდებას პედრი გამოეხმაურა და კურტუას კარი მესამედ აიღო. მატჩის მიწურულს კარიმ ბენზემამ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ შეხვედრა 3:1 ბარსელონას გამარჯვებით დასრულდა.