სუპერმოდელი და მსახიობი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. გერმანელი მოდელის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა ის კალიფორნიაში იმყოფებოდა.
ტატიანა პატიცი 1966 წელს ჰამბურგში დაიბადა, 17 წლის ასაკში კი შვედეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სამოდელო კარიერა დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1985 წელს ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე გამოჩენამ მოუტანა, რის შემდეგაც ისეთ ცნობილ ბრენდებთან დაიწყო თანამშრომლობა, როგორებიცაა Chanel, Calvin Klein და Versace.
პატიციმ განსაკუთრებულ პოპულარობას 1990-იან წლებში მიაღწია. გარდა სამოდელო კარიერისა, პატიციმ ფილმებსა და სერიალებშიც მიიღო მონაწილეობა. ის ასევე გამოჩნდა ჯორჯ მაიკლისა და Duran Duran-ის ვიდეოკლიპებში.
პატიცის გამორჩეული და განსაკუთრებული გარეგნობის შესახებ მისი კარიერის განმავლობაში არაერთ პოპულარულ მედიაში დაიწერა. "ხალხი ყოველთვის ამბობდა, რომ მე განსხვავებულად გამოვიყურები და არავის ვგავარ", — განაცხადა პატიციმ Vogue-ს 1988 წლის ინტერვიუში