ამ დროისთვის 39 ადამიანის, მათ შორის 6 ბავშვის, გადარჩენა მოხერხდა. 25 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა. 73 ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი, დაშავდა. 43 ადამიანი დაკარგულად ითვლება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ დნიპროში, რუსული ძალების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსული იერიშის შედეგად, 72 ბინა განადგურდა, ხოლო 230-ზე მეტი ბინა კი დაზიანდა. ზელენსკის განცხადებითვე, დაშავებულებს დახმარებას ფსიქოლოგები უწევენ.
„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და სახიფათო სტრუქტურული ელემენტების დემონტაჟი გრძელდება. 24-საათიან რეჟიმში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყოველი სიცოცხლისთვის. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ყველა ნათესავსა და მეგობარს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 14 იანვარს, ქალაქ დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.