1-ლი აპრილიდან ფინანსურ ორგანიზაციებს ახალი ვალდებულება უჩნდებათ, ხოლო მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება რამდენიმე ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტი შეადაროს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 6 იანვრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თითოეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლებისთვის სათანადო გამჟღავნება, რათა მომხმარებლისთვის შესაძლებელი იყოს მისთვის ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტის შედარება.
ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთი საფინანსო პროდუქტის შემთხვევაში, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და რომელიც მომხმარებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი, როგორც დამოუკიდებელი საფინანსო პროდუქტი. თუმცა ამ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ საფინანსო პროდუქტი დამოუკიდებლად არ არის ხელმისაწვდომი.