ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ვალენსია" "რეალთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. „ღამურების“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ლამაზი სანახავი იყო. თავიდან უფრო აქტიური „რეალი“ იყო, თუმცა საკუთარი მომენტები ბენზემამ და ვალვერდემ ვერ გამოიყენეს. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ შეუტია, თუმცა კავანის დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.
39-ე წუთზე ჯემერტმა საჯარიმოში ბენზემას ხელი ჰკრა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც თავად „დაზარალებულმა“ გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ლატომ შორეულ ძელთან გადაცემა ლინოს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. საპასუხო იერიშისას ბენზემას მახვილი კუთხიდან გიორგიმ არ გაატანინა. აქედან მოყოლებული ტემპი დაეცა, თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიდიოდა, ბევრი იყო წვრილ-წვრილი უხეშობები და ერთადერთი შანსი „ბლანკოსს“ 94-ე წუთზე მიეცა, როდესაც ვინისიუსი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და დუელში გამარჯვებული ქართველი გამოვიდა. ბოლოს გიორგი ვალვერდეს დარტყმულ ბურთს დაეუფლა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
ექსტრა-ტაიმში თამაში გამოცოცხლდა, მადრიდელები უფრო სახიფათონი იყვნენ, მამარდაშვილმა გატანა ამჯერად კროოსს არ დაანება. მომენტი "ვალენსიასაც" ჰქონდა - შეცვლაზე შესული პერესი კურტუასთნ ერთი-ერთზე გავიდა, ტიბომ მხრით მოიგერია ბურთი, 1:1, პენალტების სერიაში კი "რეალმა" იმარჯვა.
ცნობისთვის, დღეს მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ბეტისი“ შეხვდებიან. ტურნირის ფინალი 15 იანვრს გაიმართება.