ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს საქართველოსადმი. არის ქართველი ხალხი, მაგრამ მან, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია. ბატონი ივანიშვილის სახელობის მთავრობა, რომელიც სრულიად ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთის ფედერაციას უყურებს და მისგან ელის რაღაც ენერგეტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს, 2008 წლის ომის არ გაგრძელებას, ანუ ქართული ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას”, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, საქართველოს ასეთ ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან “ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან”.
პოდოლიაკის თქმით, საქართველოში უცნაური ვითარებაა შექმნილი - მთავრობა რუსულ ფასეულობებს უჭერს მხარს, რომელიც “სხვის ტერიტორიაზე, მათ შორის თქვენსაზე მისვლას” გულისხმობს, მაგრამ ამავდროულად ევროპულ ბაზრებსა და ფულზე წვდომის მოპოვება სურს.
“და ეს ძალიან უცნაურად იქნება ჩაწერილი ისტორიაში, რომ საქართველოს 2022-2023 წლების მთავრობა, რომელიც 2008-ში რუსული შოვინისტური ელიტის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა, აგრძელებს უკრაინისადმი, რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონიზმისგან ევროპის გათავისუფლების პროცესისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებას. დაე, ქართველებმა მერე ამით იცხოვრონ”, - აღნიშნა პოდოლიაკმა.