ნატო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს, ჩვენს გადაწყვეტილებას, გავუმკლავდეთ საერთო გამოწვევებს და ჩვენს ცალსახა ვალდებულებას, ხელი შევუწყოთ და დავიცვათ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა ევროატლანტიკურ ზონაში, - ამის შესახებ ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გაფორმდა.
„დღეს ჩვენ ვდგავართ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში უმძიმესი საფრთხის წინაშე. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო კანონს და გაერო-ს წესდების პრინციპებს. ის ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. რუსეთის ომმა გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც აზარალებს მილიარდობით ადამიანს მთელს მსოფლიოში. უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ომი და დატოვოს უკრაინა. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ვიმეორებთ ჩვენს ურყევ და მუდმივ მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის თავდაცვასა და საკუთარი ბედის არჩევის უფლებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დეკლარაციის თანახმად, ნატო-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა განხორციელდება აღნიშნული ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების ავტონომიის შესაბამისად და მათი წევრების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სპეციფიკის შეზღუდვის გარეშე.
„ამ დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენ წინ წავიყვანთ ნატო-ევროკავშირის პარტნიორობას ნატო-ს ყველა მოკავშირესა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან მჭიდრო კონსულტაციით და თანამშრომლობით, ჩვენი ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების ავტონომიის შესაბამისად და ჩვენი რომელიმე წევრის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სპეციფიკის შეზღუდვის გარეშე. ამ კონტექსტში, გამჭვირვალობა გადამწყვეტია.
ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, ევროკავშირის ინიციატივებში მაქსიმალურად ჩართულობისკენ მოვუწოდებთ. ევროკავშირის წევრებს, რომლებიც არ არიან ალიანსის ნაწილი, მის ინიციატივებში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დღეს ხელი მოაწერეს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის მესამე დეკლარაციას. ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.