თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომელს გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, დაცვა კი, აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა.
დაკავებულის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის უშუალო თხოვნით აჟღერებს პოზიციას, რომ ის რაიმე სახის შეღავათს არ ითხოვს და გადაწყვეტილებას სრულად სასამართლოს მიანდობს.
პროცესს ესწრებოდა ბრალდებული მღებრიშვილიც. მისი განმარტებით, მას დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.