ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით ეს ომიც ასე დასრულდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტამდე ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა.
„რის მიღწევას შეძლებენ უკრაინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მათ ძალაზე. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გააგრძელებს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი, ფაქტობრივად, არის გზა მშვიდობისკენ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ომი, ფაქტია, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში სამუდამოდ შეიცვალა.
„მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ მიიჩნევს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მსოფლიო უფრო საშიში გახდა და ამ ფონზე ნატო-ს ქვეყნების ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენ ერთად დგომას. არა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ. არა იმიტომ, რომ შეცდომებს არასდროს ვუშვებთ. არც იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს და იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმ .