Twitter-ის ახალი მფლობელის ილონ მასკის ხელმძღვანელობით, კომპანიის ნდობისა და უსაფრთხოების გუნდში თანამშრომელთა რაოდენობა ისევ მცირდება, ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
გამოცემა წერს, რომ კომპანიის აღნიშნული სამსახური გლობალურად Twitter-ის შინაარსზეა პასუხისმგებელი და სიძულვილის ენას და შევიწროებასთან დაკავშირებული კონტენტის მოდერაციას ახდენს. შემცირება შეეხო იმ გუნდების თანამშრომლებსაც, რომლებიც დეზინფორმაციის აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობდნენ.
ამასთან, როგორც Bloomberg-ი წერს, Twitter-ს არაერთი სარჩელი ემუქრება გადასახადების გადაუხდელობის გამო, მათ შორის კერძო ჩარტერული თვითმფრინავის ფრენების, პროგრამული უზრუნველყოფის სერვისებისა და სან-ფრანცისკოს ერთერთი ოფისის დაქირავებისთვის.