წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერები არ შედგა. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ აღნიშნული გამზირის პროექტირება-მშენებლობაზე სახელმწიფო შესყიდვა 2022 წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერი 3 ლოტად გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, განაცხადების მიღება 1-ელ იანვარს იწყებოდა და 6 იანვარს სრულდებოდა. დოკუმენტაციის მიხედვით, პირველი ტენდერი სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთს მოიცავდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 -ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებდა.
სამივე ტენდერის მიხედვით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მერიას ჯამში 20 მლნ 183 ათასი ლარი დაუჯდებოდა.
აღსანიშნავია, რომ გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის მთავრობის მიერ 2023 წელს დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. შესაბამისად, მერია ახალ ტენდერს სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.