თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის დაკავებულ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
დაკავებული პოლიციელი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მღებრიშვილის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წუხელ მოინახულა, ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც მღებრიშვილის პოზიცია მომხდართან დაკავშირებით უცნობია.
ადვოკატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ გიორგი მღებრიშვილს ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის არც განზრახვა და არც მოტივი არ ჰქონია.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ალექსანდრე შეყელაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
უწყების ცნობით, 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის -გიორგი მღებრიშვილის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ თავად მღებრიშვილი და მისი მეგობრები: შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - ალექსანდრე შეყელაძე და დ. ლ.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გიორგი მღებრიშვილი იქცეოდა არაადეკვატურად, საუბრობდა გაუცნობიერებლად და სტუმრების მიმართ გახდა აგრესიული, რა დროსაც მღებრიშვილმა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ალექსანდრე შეყელაძის მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიყენებული დაზიანებების შედეგად შეყელაძე ადგილზე გარდაიცვალა.