უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის თავდასხმები დონბასის 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსული ძალები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდიივკასა და ლიმანის მიმართულებით და ცდილობენ გააუმჯობესონ ტაქტიკური ვითარება კუპიანსკის მიმართულებით.
„გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 7 სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე უკრაინის ტერიტორია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 73-ჯერ დაბომბეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების განმარტებით, უკრაინის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ არსებობს.