ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მხარდამჭერი პრეზიდენტის სასახლეში, კონგრესის და უზენაესი სასამართლოს შენობებში შეიჭრა.
ბრაზილიის იუსტიციის მინისტრის, ფლავიო დინოს განცხადებით, დაკავებულია მინიმუმ 200 მეამბოხე.
"ეს არის ტერორიზმი, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. დარწმუნებული ვართ, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს ამ სიბნელის განხორციელება", - განაცხადა ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მომხდარში ექსპრეზიდენტი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ჟაირ ბოლსონარუს განცხადებები ამ ქმედებებს ახალისებს.
”ეს გენოციდისტი ახალისებს ამას მაიამიდან სოციალური მედიის საშუალებით. ყველამ იცის, რომ არსებობს ყოფილი პრეზიდენტის სხვადასხვა გამოსვლები, რომლებიც ახალისებს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ.
მოგვიანებით ბოლსონარომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები უარყო და დაგმო ძალადობა ბრაზილიაში. მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაციები დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ საზოგადოებრივ შენობებში ნებისმიერი შეჭრა ზღვარის გადაკვეთაა.
არსებული ვითარების ფონზე, ბრაზილიის პრეზიდენტმა ქვეყნის დედაქალაქში 31 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.