ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილით დასჯა, რომელთაგან ერთი კარატეს ჩემპიონი, მეორე კი ბავშვთა მწვრთნელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
როგორც CNN-ი ირანული მედიასაშუალების Fars News-ზე დაყრდნობით წერს, 21 წლის მოჰამად მეჰდი კარამი და 20 წლის სეიედ მოჰამად ჰოსეინი შაბათს დილით ჩამოახრჩვეს.
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ორივე მათგანმა გასულ წელს, სავარაუდოდ, ანტი-სამთავრობო აქციებში მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, CNN-ი ირანული საინფორმაციო სააგენტო Mizan-ზე დაყრდნობით წერს, რომ 3 ნოემბერს მოჰამად მეჰდი კარამი და სეიედ მოჰამად ჰოსეინი ქარაჯში, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, რუჰოლა ხომეინის ბრძანებით შექმნილი „ბასიჯის“ სამხედრო დაჯგუფების წევრის, სეიედ რუჰოლა აჯამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) ორი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა დაგმო. OHCHR-მა "შოკისმომგვრელი" უწოდა იმ ფაქტს, რომ ირანი მომიტინგეების სიკვდილით დასჯას "საერთაშორისო აღშფოთების მიუხედავად" აგრძელებს. ამასთან, გაერო-ს ოფისმა ოფიციალურ თეირანს მოუწოდა შეწყვიტოს სიკვდილით დასჯა.
„ჩვენ ვგმობთ იძულებით აღიარებაზე დაფუძნებული უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ კიდევ ორი დემონსტრანტის, მოჰამად მეჰდი კარამისა და მოჰამად ჰოსეინის სიკვდილით დასჯას“, - აღნიშნა OHCHR-მა.
ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილით დასჯას გამოეხმაურა ევროკავშირიც, რომელმაც მომხდარს „შემაძრწუნებელი“ უწოდა.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენის გამოტანისა და აღსრულების მკაცრად დასაგმობი პრაქტიკა“, - ნათქვამია ევროგაერთიანების განცხადებაში.
ირანის ხელისუფლებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მსგავსად, ევროკავშირმაც მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიკვდილით დასჯა.