მინდა მივმართო ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: მკვლელი პუტინის მიერ გამოცხადებული „საშობაო ზავი“ მორიგი ტყუილი და ხაფანგია, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე“ წერს.
„გთხოვთ, ეკლესიებში, მართლმადიდებლურ საშობაო წირვაზე დასწრებისგან თავი შეიკავოთ. რუსებმა, შესაძლოა, ტერაქტები დაგეგმონ! ზოგადად, ამ დღეებში, თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებზე ყოფნისგან ! თავს გაუფრთხილდით! ჩვენ გვჯერა შეიარაღებული ძალების!“, - წერს გაიდაი.
რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე შევიდა ძალაში. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.