რიგ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა. ამის შესახებ პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
აღნიშნულის გამო, პედიატრმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განმარტავს, თუ რა სიმპტომები და გართულებები ახასიათებს მას.
„ჩუტყვავილას გამომწვევი ჰერპესის ოჯახის ძალიან დიდი წარმომადგენელია და გადადება მარტივია, კერძოდ, როდესაც ავადმყოფი ადამიანი, რომელიც თქვენთან ახლოსაა, ახველებს, აცემინებს ან ეხებით გამონაყარზე. ვირუსის შეჭრის შემდეგ, გამონაყარის განვითარებამდე, 2 დღით ადრე შეიძლება გადამდები იყოთ. ინკუბაციური პერიოდი 1-დან 3 კვირამდეა, ის ტემპერატურის მატებით გამოვლინდება ხოლმე, ასევე, შეიძლება იყოს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, გამონაყარი.
გამოყრა სხვადასხვა ეტაპად ხდება და დამახასიათებელია ლაქოვანი ელემენტები, რომლებიც შემდეგ ბუშტუკის სახეს იღებს, შემდეგ ბუშტუკი სკდება და ქერქია გამოხატული და ვინაიდან სხვადასხვა დროს ხდება გამოყრა, სხვადასხვა ტიპის ელემენტს ვხვდებით კანზე ანუ, შეიძლება შეგვხვდეს, როგორც ლაქა, ასევე ოდნავ ამობურცული ელემენტი, ბუშტუკი, ან სულაც ეროზიული ზედაპირი და ქერქი.
გარდა ამისა, ჩუტყვავილას გამონაყარისთვის დამახასიათებელია საკმაოდ გამოხატული ქავილი, რაც მას სხვა ინფექციებისაგან განასხვავებს. მაგალითად, „წითელას“ ან „წითურას“ დროს ასეთი ტიპის გამონაყარი ბავშვს არ ექავება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ გამოყრა შეიძლება ორ ეტაპად მიმდინარეობდეს. მაგალითად, მესამე-მეოთხე დღეს, თითქოს შემცირდეს, მაგრამ შემდეგ ისევ დაიწყოს გამოყრა. თანდათან გამონაყარი სრულად დაიფუფხება და ალაგდება. გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს კანზე, მათ შორის, თავის თმიან ნაწილში, სასქესო ორგანოების არეში, გარეთა სასმენი მილის არეში, გამონაყარის ელემენტები ყველგან შეიძლება იპოვოთ“, - აღნიშნავს პედიატრი.
მისივე თქმით, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მეორადად ბაქტერიული ინფექციის შეჭრა და დაინფიცირება.
„პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ დავიცვათ ხელების ჰიგიენა. ბავშვს კარგად დააჭერით ფრჩხილები. ძალიან ხშირად, ისინი ამ გამონაყარს იქავებენ ხოლმე და შესაძლებელია, მეორადად ბაქტერიული ინფექციის შეჭრა და დაინფიცირება მოხდეს. ამიტომ არის აუცილებელია ეს ღონისძიება. თუ გამოხატული ძლიერი ქავილია, სავარაუდოდ, ექიმი დაგინიშნავთ ანტიჰისტამინურ საშუალებას. არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს დიდი რაოდენობით სითხე მივცეთ. ასევე, აუცილებელია კანის სისუფთავე. ბავშვი აუცილებლად უნდა დაბანოთ, არ გამოიყენოთ ღრუბელი ან უხეში საშუალება, საკმარისია რბილი დასაბანი საშუალება. სიცხის დროს „პარაცეტამოლი“ მივცეთ შესაბამისი დოზირებით და დაკვირვების ქვეშ იყოს ბავშვი“, - აღნიშნავს პედიატრი.