მინდა ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა. მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“ - ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, სადაც ის მისთვის პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილზე საუბრობს.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, ბოლო წლის განმავლობაში ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა.
„დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს.
მინდა ვუპასუხო მათ, ვინც „სულიერი რეალობა“ რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა „სულიერი“. ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.
რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია - თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება.
ყველას გილოცავთ შობას“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში.