რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ოფიციალური კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საუბრის დროს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევს. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას კრემლის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უკრაინის კონფლიქტში დესტრუქციულ როლს ასრულებს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტით და კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის ხედვის საფუძველზე უნდა მოხდეს. სატელეფონო საუბრის დროს ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილა ენერგორესურსებსა და მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის დერეფნის საკითხები.