ეს წელი დავიწყეთ იმით, რაც ტერორისტული სახელმწიფოს მიერ მომზადებული ახალი სამობილიზაციო პროცესების წინ უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება - ახლა ის მომენტია, როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვის დროს განაცხადა, როდესაც მან კანადის, ნიდერლანდების, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრებთან სატელეფონო საუბრების შესახებ ისაუბრა.
„ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი ბატონ-პატრონები გადაისვრიან ყველაფერს, რაც მათ დარჩათ და ყველას, ვისი შეკრებაც შეუძლიათ იმისთვის, რომ შეეცადონ ომში სიტუაციის შებრუნებას და დამარცხების თუნდაც გადადებას.
ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. ამისთვის ვემზადებით. ტერორისტები უნდა დამარცხდნენ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი უნდა იყოს. ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთი ახორციელებს მათ მობილიზებას, ვისი მოკვლაც სურს, უკრაინა კი ახორციელებს ცივილიზებული სამყაროს მობილიზაციას სიცოცხლის გულისთვის.