ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს, გიორგი ცინდელიანსა და როლანდ აფრასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ორივე ბრალდებულის უფლებადამცველები მათთვის სხვადასხვა ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. დაკავეულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.
როლანდ აფრასიძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით, ხოლო გიორგი ცინდელიანს განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების ინფორმაციით, 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ. კონფლიქტის დროს ორმა პირმა გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთმა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიიღო.