უკრაინა-ევროკავშირის მომავალი სამიტი კიევში, 3 თებერვალს გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სატელეფონო საუბრის დროს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
“მხარეებმა 3 თებერვალს კიევში დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის შემდეგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები განიხილეს და მოსამზადებელი სამუშაოების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მიერ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის განხორციელების პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების კონტექსტში მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინული მხარის მზადყოფნას, უახლოეს პერიოდში დაასრულონ შესაბამისი სამუშაოები, რათა მიმდინარე წელს გაწევრიანების წინა მოლაპარაკებები დაიწყოს.