უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ქალაქ სვატოვოში რუსული ძალების კუთვნილი საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ორი კვირის განმავლობაში აფიქსირებდნენ, თუ როგორ შეჰქონდათ ოკუპანტებს საბრძოლო მასალა „ურალის“ მარკის ავტომობილებით საწყობში და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელეს დარტყმა. დეპარტამენტისვე განცხადებით, ახალი წლის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მაკიივკაში 400 მობილიზებული რუსი სამხედრო გაანადგურეს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის ცნობილია 2 დაჭრილის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი რაკეტა თავად ქალაქში, ერთი კი სოფელ იაკოვლევკაში ჩამოვარდა. ამასთან, კრამატორსკის საქალაქო საბჭოს ცნობით, ქალაქზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.