საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასამართლოში სარჩელს პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით შეიტანს.
„პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით ვგეგმავ სარჩელის შეტანას სასამართლოში. ჯერ სააკაშვილის სიცოცხლეს გადავარჩენ, მოვიცლი და ნადირაძეებსა და მის მსგავსებს მერე მივაქცევ ყურადღებას სათითაოდ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, ნინო ნადირაძემ ხაჭაპურიძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: „სხვა უამრავ, კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით“.