ხელისუფლებამ შეძლო იმის უზრუნველყოფა, რომ სრულად ყოფილიყო სოლიდარული უკრაინის მიმართ, ასევე შეძლო, რომ საკუთარი ხალხის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, როდესაც საქართველოსა და უკრაინას ურთიერთობებზე ისაუბრა.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, არცერთმა ქვეყანამ არ გადაკვეთა ზღვარი, როცა ფიქრობენ, რომ „იმის იქით რუსეთთან დაპირისპირება იქნება“.
„ესკალაციის ზღვარს არ კვეთს არცერთი ქვეყანა. არცერთმა ქვეყანამ არ გადაკვეთა ზღვარი, სადაც ფიქრობენ, რომ იმის იქით რუსეთთან დაპირისპირება იქნება. რა თქმა უნდა, რთულია ასე სიზუსტით თქვა, სად არის ეს ზღვარი, პოლიტიკაა და რთულია ამის დადგენა. ეს არის სირთულე, რომლის წინაშეც ჩვენი ხელისუფლება დგას, რომ ეს ზღვარი სწორ დროს დაინახოს და დაცული იყოს, რომ საქართველო არ იყოს პირდაპირ ჩართული სამხედრო კონფლიქტში.
ჩვენ ამ პერიოდში გვესმოდა კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. საბოლოოდ, თუ ამ წელს შევაჯამებთ და საქართველოს მდგომარეობას ვნახავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო იმის უზრუნველყოფა, რომ ყოფილიყო სრულად სოლიდარული უკრაინის მიმართ და ასევე შეძლო, რომ საკუთარი ხალხის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. რაც შეეხება, იმ განზომილებას, რომელიც არა უკრაინის ხალხზე ფიქრით არის განპირობებული, არა ქართველ ხალხზე ფიქრით არის განპირობებული, არამედ პიარის ნაწილია, ეს პიარული ნაწილი განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია თავისთვის ჰქონდეს. ხელისუფლებას სხვა პასუხისმგებლობა აქვს, გარდა იმისა, რომ იზრუნოს პიარულ ხრიკებზე, რომელზეც ოპოზიცია ცდილობს, რომ წამოაგოს ხელისუფლება“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.
კითხვაზე, რატომ უჭირს ხელისუფლებას პოლიტიკური განცხადებების მკაფიოდ ჩამოყალიბება, კერძოდ, იმის ღიად თქმა, რომ საქართველოს სურს, ამ ომში უკრაინის გამარჯვება იხილოს, ისევე როგორც იმის თქმა, რომ რუსეთი საქართველოს და უკრაინის საერთო მტერია, პაპუაშვილი განმარტავს, რომ საქართველო არა თუ ამბობს, საქართველო არის ათეულობით რეზოლუციის და ასეულობით განცხადების თანაავტორი და მხარდამჭერი.
„ თქვენ იცით, რომ საქართველო არის ავტორი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართვისა, სადაც საუბარია რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებაზე. შეუძლებელია ერთმანეთთან შევაპირისპიროთ ოფიციალური, სახელმწიფოს პოზიცია, რომელსაც უმაღლესი თანამდებობის პირები გამოხატავენ და კომენტარის დროს რაიმე სიტყვა ასე ითქვა, თუ ისე. ეს არასერიოზული მიდგომაა. პოზიცია არათუ მკაფიოა და მხარდამჭერია, ჩვენ ვართ ავტორები გაეროს რეზოლუციისა, ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვისა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში რუსეთის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნისა. ყველა ქვეყანას აქვს ზღვარი, რომლის იქითაც ისინი ხედავენ, რომ რისკია პირდაპირ შევიდნენ სამხედრო დაპირისპირებაში, თუ ამ ზღვარს უახლოვდებიან ამ ზღვარს არ კვეთენ. არ აწვდიან ისეთი სახის შეიარაღებას, რამაც შესაძლოა გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან.
ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ერთი მხრივ, იყოს მხარდაჭერა, მეორე მხრივ, კი არ მოახდინოს საკითხის იმდენად გამწვავება, ისეთ სპირალში შესვლა, სადაც იქნება პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ჩვენ, საქართველოს, განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან, რომელიც უკრაინის გვერდშია, არ გვაქვს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, არ გვაქვს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტი იმყოფება. ზუსტად ამიტომ, ჩვენი რისკების ზღვარი უფრო დაბალია, ვიდრე ნებისმიერი ნატოს წევრი ქვეყნის. ამ პირობებში, საქართველო ზუსტად ისეთივე სოლიდარობას იჩენს უკრაინის მიმართ, რაც შეეხება სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელსაც ეს ქვეყნები იჩენენ“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, საქართველო დგას უკრაინის სუვერენიტეტის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გვერდით.
„ რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა ყველა პლატფორმაზე ჩანს. საქართველოს აქვს ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც აქვს ნებისმიერი ევროკავშირის, თუ ნატოს წევრ ქვეყანას, რომელიც იმ ალიანსშია, რომელიც გვერდში უდგას უკრაინას. ჩვენ გადაწყვეტილების მიღების დროს გვაქვს ზუსტად ისეთივე კრიტერიუმები, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ. თუ შევხედავთ სანქციების საკითხს, მათ შორის, სამხედრო დახმარების საკითხს, ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან პროგრესირდა. თავდაპირველად ეს იყო მორიდებული მხარდაჭერა, ზოგი ქვეყანა უარს ამბობდა სხვადასხვა სახის შეტევითი სამხედრო დახმარების ხასიათის იარაღის მიწოდებაზე, შემდეგ შეიცვალა. გვახსოვს, პირველივე დღიდანვე სთხოვდა უკრაინა ნატოს წევრ ქვეყნებს დაეკეტათ უკრაინის ცა, რაზეც უარს იღებდა, დღეს კი ვხედავთ, რომ „პეტრიოტის“ სისტემის მიწოდებაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული. როდესაც საუბარია უკრაინის დახმარებაზე, ორი განზომილება არის. ერთი ეს არის სოლიდარობა, მეორე საკუთარი ქვეყნის, ხალხის უსაფრთხოების დაცვა. ეს ორი საკითხია, რომლის შეწონის საფუძველზეც იღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებას. არა თუ საქართველო, ნატოს წევრი ქვეყნებიც დღემდე თავს იკავებენ გარკვეული ტიპის შეიარაღება მისცენ უკრაინას, მაგალითად სამხედრო ხასიათის თვითმფრინავები. თვეები დასჭირდათ, რომ გადაწყვეტილება მიეღოთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებაზე. რისკი იყო, რომ პირდაპირ შესულიყვნენ სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.